Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ტყის ზღაპარი

Filed Under (იუმორი) by on 02-05-2010

Tagged Under : , , , ,

 

წარმოგიდგენთ მორიგ ნაწარმოებს 1970 წლის "ნიანგის" კრებულიდან. "ტყის ზღაპარი" – ვფიქრობ ახლაც აქტუალურია ამ ნაწარმოების სიუჟეტი 🙂

 

ტყის ზღაპარი

 

ეს ამბავი აფრიკის გაუვალ ჯუნგლებში მოხდა, გაზეთ "ჯუნგლის ჩირაღდნის" რედაქციაში.

კაბინეტში ორნი ისხდნენ, რედაქტორი ზებრა და მისი მოადგილე ანტილოპა.

– წერილი მართლაც მშვენიერი გამოგსვლია, – თქვა რედაქტორმა და სათვალე შუბლზე აიწია, – მძაფრია, კრიტიკული და კარგადაც არის დაწერილი. დროა, ჭკუა ვასწავლოთ გათავხედებულ ნიანგს. მაგრამ ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ სათაური არ მომწონს – "მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ…" არა, სათაური თავისთავად კარგია, მაგრამ გვინდა ახლა ჩვენ მგლის გადაკიდება?

მოადგილემ კეფა მოიფხანა.

– მაშინ ასე ხომ არ აჯობებდა, – "მელამ თავის კუდი მოწმედ დაიყენაო".
– რაშუაშია აქ მელა? – შეიცხადა რედაქტორმა, – სად ნიანგი და სად მელა. მელიას ამბავი ხომ იცი, სატვედურს არ გეტყვის, მაგრამ ჩაგისაფრდება და ვინ იცის, სად გამოგითხრის ძირს.

– აბა რა უბედურება დავარქვათ, – შეწუხდა მოადგილე – თუმც მოვიფიქრე, – "არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა".

– თუ ძმა ხარ, ყორანი არ გამაგონო, – იყვირა რედაქტორმა, – აგვიკლებს ლანძღვა–გინებით, ვისა აქვს მაგის პროვოკაციების თავი!

– მაშინ, "ყვავს რომ კაკალი გააგდებინოო"…

– რას გადამეკიდე, რა გინდა ჩემგან, – გაბრაზდა რედაქტორი, – ყვავი და ყორანი რამ გაყო.

– აბა, რა ვიცი, რა ჯანდაბა დავარქვათ, – მხრები აიჩეჩა მოადგილემ, – თუმცა მოვიფიქრე, – "კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო!"

 

 

– კატას თავი დაანებე, ჩემზე უკეთ იცი, ვეფხვის ბიძაშვილია. ბოლოს და ბოლოს ფელეტონი ნიანგზეა დაწერილი. ამ ერთი დამთხვეული ნიანგის გულისთვის მთელს ქვეყანას ხომ ვერ გადავიკიდებ? სათაურს რომ თავი დავანებო, ფელეტონიც ნამეტანი ბუნდოვანი და მრავალმნიშვნელოვანი ფრაზებით გვაქვს გადატვირთული. აი თუნდაც ეს ადგილი: "თავისი ღორმუცელობით გამგელებული ნიანგი გააფთრებული ეცა სპილოსავით ჩასუქებულ და ვირივით გაჯიქებულ მარტორქას". რას მიშვები, ბიჭო, რას მერჩი. თუ ჩემი მოხსნა გინდა, პირდაპირ მითხარი, მაგრამ არც შენ დაგაყრიან კაი დღეს. სჯობია, ამ ფელეტონის დაბეჭდვისაგან თავი შევიკავოთ. სულ ერთია, ეგ ნიანგი მაინც არ მოიშლის მაიმუნობას.

 

 

რედაქტორმა ფელეტონი უჯრაში შეინახა.

მოადგილემ საცოდავად ამოიხვნეშა და ხელები გაშალა…

– სხვა არაფერი გაქვს კრიტიკული? – იკითხა რედაქტორმა და სათვალე ისევ თვალებზე ჩამოიწია.

– მაქვს ერთი პატარა წერილი, – "კუმ ფეხი გამოყოო".

– კუზეა?
– არა, შველზეა.
– დღეს ნამდვილად გადავირევი, – მოიხსნა სათვალეები რედაქტორმა, – მაგ შველს მაინც გავაძრობ ტყავს, რა გააკეთა?
– ლომის მამულში გადასულა და ბალახი მოუძოვია.
– არიქა, თუ ძმა ხარ, წამიკითხე.

მოადგილემ საქაღალდედან ფელეტონი ამოიღო და კითხვას შეუდგა: "ამ ორიოდე დღის წინ შველს გზა–კვალი აბნევია და უნებურად ლომის სამფლობელოში გადასულა…"

– ესაა, ბიჭო, კრიტიკული წერილი? – გადაბრუნდა სიცილით რედაქტორი, – ახლავე გადააკეთე და ასე დაწერე: "გათავხედებულ და ნამუსგარეცხილ შველს ცა ქუდად მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად!"

 

 

– სწორი ბრძანებაა, ეგრე სჯობია, მაგრამ ყური მოვკარი, ეგ შველი დათვის ახლო მეგობარიაო.

– რას მელაპარაკები, – ჩაფიქრდა რედაქტორი, – მაშინ სჯობია არც მწვადი დავწვათ და არც შამფური, ისევ დავტოვოთ, როგორც შენ გაქვს.

– დაგვერეკა მაინც დათვისთვის, იქნებ ჭორია?

– ყოჩაღ, ხანდახან შენც გამოურევ ხოლმე ადამიანურს! – რედაქტორი ყურმილს დასწვდა, – სათაფლიაა? თუ ძმა ხარ, დათვთან მალაპარაკე, ზებრა ვარ რედაქციიდან. გამარჯობა შენი. ჰო, შენი ძმაკაცის თაობაზე გირეკავ. რას მელაპარაკები! ყველაფერი დღესავით ნათელია, კარგად ბრძანდებოდე.
რედაქტორმა ამოიხვნეშა და ყურმილი ბერკეტზე დადო.

– რაო, რა თქვა?
– დათვს ვინ დაეძებს, ლომის ნათლული ყოფილა.
– ეუჰ! – იტკიცა მოადგილემ შუბლზე ხელი.
– ერთი კიდევ წამიკითხე, როგორ იწყება?
– "ამ ორიოდე დღის წინ შველს გზა–კვალი არევია და უნებურად ლომის სამფლობელოში გადასულა…"

 

 

– არ ვარგა, – შეაწყვეტინა რედაქტორმა, – სჯობს, ასე დავიწყოთ: "ამ ორიოდე დღის წინ ჩვენს მშვენიერ, ხატულა შველს თავისი საყვარელი ნათლია ლომი მონატრებია და სულ კუნტრუშ–კუნტრუშით გადაურბენია მისი სამფლობელო" და ა.შ.

– ეს ყველაფერი გასაგებია, – მაგრამ ნომერში ერთი კრიტიკული წერილი მაინც არ უნდა გვქონდეს?

 

 

– მაგაში მართალი ხარ, – ამოიოხრა რედაქტორმა. – იცი, რას გეტყვი? ახალი შტატგარეშე კორესპონდენტი რომ გვყავს, ქურციკი, ახლავე ჭალაში გააგზავნე. იქნებ ვირებს წაასწროს ხურმის ჭამაზე. სათაური უკვე მოფიქრებული მაქვს, – "ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია". აბა, ნუღარ აყოვნებ, ფელეტონი ორ საათში მზად უნდა იყოს.

 


Comments:

4 Responses to “ტყის ზღაპარი”


  1. რა მაგარი ვეშია :D:D:D:D:
    D

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. ძალიან საინტერესოა.გამამხიარულა 🙂 ახლა ძალიან იშვიათად იწერება ამ ჟანრის ნაწარმოებები.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  3. აბა სად ეს და სად დღევანდელი იუმორი. აქ იმენა ჭეშმარიტად გაგეცინება და გახალისდები :D. ცხოველებზე როა მაგრა გაასწორა გონებაში მაგარი სასაცილო წარმოდგენები იქმნება 😀

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  4. ანდაზებზე აგებული ასეთი სასაცილო ამბავი ჯერ არ მინახავს და თან აზრიანი…გაიხარე მიშა !მეც კარგად ვიხალისე

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.