Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

Google-ს ებრძვიან!

Filed Under (WEB) by on 02-03-2010

Tagged Under : , , , ,

 

კომპანია Google-მა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული საძიებო ინსტრუმენტია, განაცხადა, რომ შემდგომში აღარ დაუშვებს ცენზურას თავის საძიებო სისტემაში და იმუქრება, რომ დატოვებს ჩინეთის ბაზარს. მის რესურსებზე განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა, რომლის მიზანი იყო შეეღწიათ ჩინელი უფლებადამცველების ელექტრონულ ყუთებში.

 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კი განაცხადა, რომ ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა ჩინეთში შემაშფოთებელია, და მოუწოდა პეკინს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება Google-ის კომპანიაზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე.

 

უფლებადამცველები მიესალმნენ Google -ის გადაწყვეტილებას, დაეგმო კიბერშეტევა და უარი ეთქვა ცენზურის პირობებში მუშაობის გაგრძელებაზე.

 

ჩინეთთან დაპირისპირების გამო, კომპანია Google -ის აქციების ფასი მსოფლიო ბაზარზე 1,3-პროცენტით დაეცა და ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები. საქმე ისაა, რომ Google-ს საკმაოდ მოკრძალებული პოზიცია ეკავა ჩინეთის ბაზარზე, სადაც უფრო ფართოდ გამოიყენება ფირმა „ბაიდუს“ საძიებო საშუალებები.

 

Google-ს ჩინეთში პრობლემები აქვს, მაგრამ ევროპაში შეიძლება მეტი პრობლემა შეექმნას.

 

კანონმდებლები, მარეგულირებელი ორგანოები და მომხმარებლების ადვოკატები კომპანიას ისეთ სრულიად განსხვავებულ საკითხებზე ედავებიან, როგორიცაა საიდუმლოს შენახვა, საავტორო უფლებების დაცვა და Google-ის საძიებო სისტემის გაბატონებული მდგომარეობა. დავები ამ საკითხებზე მთელს დასავლეთ ევროპაში ხშირდება.

 

ფსონები დიდია, თან პოტენციურად უფრო დიდი Google-ისათვის, რადგან იმასთან შედარებით, რაც ჩინეთში ხდება, Google-ის ოპერაციები ევროპაში ბევრად უფრო დიდი და შემოსავლიანია. მხოლოდ ბრიტანეთში Google-ის გაყიდვები დაახლოებით ათჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთში, მთლიანად კონტინენტზე კი Google-ის საძიებო სისტემა მის მეტოქეებზე ბევრად უფრო პოპულარულია და ბაზარზეც მეტი წილი აქვს, ვიდრე თვით შეერთებულ შტატებში.

 

Google-ის უსაზღვრო გაფართოება და მისი თავხედური ამბიციები ზოგ ევროპელ პოლიტიკოსს საგანგაშოდ მიაჩნია.

 

Google ამბობს, რომ რიგით ევროპელებს ასეთი პრობლემები არ აშინებთ. კომპანიის აზრით, ჩივიან ძირითადად Microsoft-ის მსგავსი კონკურენტი კომპანიები და საინფორმაციო სააგენტოები, რომელთა დიდი ხნის ბიზნესს ტექნოლოგიური ცვლილებების გამო საფრთხე დაემუქრა.

 

გასულ ზაფხულს იტალიის ხელისუფლებამ მილანში კომპანიის ოფისებში შემოწმება ჩაატარა და Google News-ის საქმის გამოძიება დაიწყო იმასთან დაკავშირებით, რომ ის ინტერნეტში გამოსული სტატიებიდან ნაწყვეტებს აქვეყნებდა. იტალიური გამოცემები ამტკიცებენ, რომ Google News მათ საავტორო უფლებებს არღვევს, მაგრამ თავიანთ სტატიებს მისი საიტიდან ვერ შლიან, რადგან ამის გამო Google-ის საძიებო სისტემის რანგირებიდან გაქრებიან, რაც სარეკლამო შემოსავლებს დააკარგვინებთ. თუმცა Google ამბობს, რომ Google News-სა და საძიებო სისტემას შორის ასეთი კავშირი არ არსებობს.

 

მთავრობასთან გერმანული ჟურნალ-გაზეთებიც ჩივიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ყველა მათ საიტს ერთად რეკლამიდან წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ევრო შემოსდის, Google კი საძიებო სისტემაში განთავსებული რეკლამიდან გერმანიაში 1.2 მილიარდ ევროს იღებს.

 

გერმანიაში Google-ის საქმიანობის განხილვისას გასათვალისწინებელია ასევე ცხარე კამათი კერძო ინფორმაციის დაცვის თაობაზე. გერმანიის ზოგიერთ ქალაქში Google-ს მაღაზიებისა და სახლების ფასადების გადაღება აუკრძალეს ქუჩების მიმოხილვითი სამსახურისათვის, რომელშიც ქუჩებში გადაღებული სურათები რუკებზეა დატანილი, თუმცა გერმანიაში ეს სამსახური ჯერ არ ამუშავებულა.

 

ზოგ ევროპულ ქვეყანაში ეს სამსახური პოპულარულია, თუმცა შვეიცარიის ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო ორგანომ Google-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა და კერძო ინფორმაციის დაცვის გაუმჯობესება მოითხოვა. ევროკომისია ზეწოლას ახორციელებს Google-სა და სხვა ამერიკულ ინტერნეტკომპანიებზე იმისათვის, რომ მათ მომხმარებლების კერძო ინფორმაციის შენახვის ვადა შეამცირონ.

 

Google ერიდება კონფლიქტს კომისიის ძლიერ ანტიმონოპოლიურ სამსახურთან, რომელიც Microsoft-ის, Intel-ისა და სხვა მულტინაციონალური ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური საქმეების თანმიმდევრული აღძვრის გამო ამერიკის კომპანიების ხელმძღვანელობას შიშის ზარს სცემს. ახლა კომისიის ახალი შემადგენლობა უნდა ჩამოყალიბდეს და Google-ის მეტოქეები, მათ შორის Microsoft, ლობირებას აძლიერებენ, რომ ევროპაში Google-ის პოზიციების სიძლიერე ყველას დაანახონ.

 

"როცა ერთ კომპანიას უმნიშვნელოვანესი ბაზრის 90 პროცენტზე მეტი აქვს დაკავებული, შეკითხვები გარდაუვალია, – ამას წინათ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა Microsoft-ის მრჩეველმა ბრედ სმითმა, – ამას იმიტომ ვამბობ, რომ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება".

 

კვლევითი ფირმა comScore-ის მონაცემებით, ევროპაში ინტერნეტში ძიების 80 პროცენტი Google-ის მეშვეობით ხორციელდება. შედარებისათვის, შეერთებულ შტატებში მისი მაჩვენებელი 65 პროცენტია. შეერთებული შტატების ბაზარზე Google-ს კონკურენციას ვერც Yahoo უწევს თავისი 17 პროცენტით და ვერც Microsoft-ის საძიებო პროგრამა Bing 11 პროცენტით, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ისინი არც არსებობენ, რადგან comScore-ის მონაცემებით, თითოეულს ბაზრის 2 პროცენტზე ნაკლები უჭირავს.

 

კომისიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა ანტიმონოპოლიური საქმის აღსაძვრელად საკმარისი არ არის. უნდა არსებობდეს მტკიცებულება, რომ კომპანია თავის მდგომარეობას კონკურენციის ჩასახშობად იყენებს. სპეციალისტების თქმით, Google-ის წინააღმდეგ ზომებს იმიტომაც არ იღებენ, რომ მისი ადგილობრივი მეტოქე ევროპაში არ ჩანს.

 


Comments:

One Response to “Google-ს ებრძვიან!”


  1. Bing-ს საერთოდ იყენებთ ვინმე?
    საინტერესოა ასევე Yandex–ის შესაძლებლობები,რათქმაუნდა Google–ს არ შეედრება მაგრამ მაინც საინტერესოა.

    ჰო, კიდევ Google-ს ჩემს მასწავლებელთა მცირერიცხოვან სიაში საპატიო ადგილი უჭირავს! 🙂

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.