Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ჩემი მხიარული მდინარე

Filed Under (ნაწარმოებები, სხვა...) by on 06-09-2012

Tagged Under : , , , , , , , , ,

ახლა სწორედ ის დროა, ჩემმა ეგოისტმა ფილტვებმა ხარბად მიირთვან ჩემს ზურგს უკან და ცხვირწინ წარმოებული, ეკოლოგიურად ზესუფთა ჟანგბადის მოზრდილი ულუფები. რთულია, უფრო სწორად შეუძლებელი, ნაძვის წიწვებქბეშ და ცაცხვის ფოთლების შარიშურზე, კაცობრიობისთვის მთელი დღე  რომ მზის სხივებისგან მაცოცხლებელ ჟანგბადს აფოტოსინთეზირებენ, ჩამოჯდე და თუნდაც სოციალური ქსელების საზოგადოებრივ დანიშნულებაზე წერო. ეს წერა კი არა დანაშაულია, იმ სიამოვნების მიღების შესაძლებლობის წინაშე, რომელიც აქ ყოფნით საკუთარ თავს, ორგანიზმს, გულს და ცნობიერებას უნდა მიანიჭო. ცნობიერებას იმიტომ რომ ბუნებასთან ყოველი შეხება ძალიან ძლიერად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე.
ამიტომ არ ვაპირებ შევუერთდე ამგვარ განზრახვათა აღმასრულებელ საზოგადოებას და მოგითხრობთ
ორიათასიანი წლების რომელიღაც ზაფხულის თვე და კიდევ უფრო დაუზუსტებელი რიცხვი იდგა, რომ არ მოგატყუოთ თენდებოდა. ის სასიამოვნო მომენტი კი არასოდეს მავიწყდება, სისხამზე რომ დამუშავებული და ნედლი იდეების განყოფილების უჯრას გამოვაღებ (რა თქმა უნდა გონებაში) და დღის განრიგის 3D ვერსიას ვაგებ.
იმ დილას თევზაობის იდეამ მიიქცია ჩემი ყურადღება და მეც ავყევი. უცებ შევაფასე მდგომარეობა, ამინდის ხელსაყრელობისა და მოსალოდნელი სიამოვნების გათვალისწინებით. ოპერატიულად დავავლე ხელი მრავალგზის გამოცდილ, თვითნაკეთ აღჭურვილობას, რომელიც არც იღბალს უჩიოდა და ჩემი ლამაზი სოფლის, ჩხრიალა და ჩემსავით მუდამ მხიარული მდინარისკენ დავეშვი. გზად, რამდენიმე გულიან-ჯიგრიანი სალამი და „აბა შენ იცი საღამოს შევწვათ!“ მივიღე. სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდი და ნემსკავზე ტანჯულ, პრეისტორიულ არსებას, ჭიას ჩამოვაცმევდი, მდინარის ნაპირებს ავუყევი და კიბორჩხალებს გავუწვრილე გული. ვიჭერდი და ისევ უკან ვაბრუნებდი ოღონდ სხვა ადგილას, მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდათ. ისინიც გაბრაზებულები ასავსავებდნენ დაკბილულ მაკრატლებს და.. რა კარგია რომ კიბორჩხალები ვერ ან არ ლაპარაკობენ.

mdinare
როგორც იქნა მივადექი ნაჩვევ და უხვ ადგილს ჩემისთანა მხიარული მდინარისა და მეთევზის ალღოთი გადავუშვი ტივტივა წყალში. შეიძლება ვინმემ თქვას, თევზაობისა და მეთევზის (თუნდაც მოყვარულის) ყოფა რა მოსაყოლია, რას ელოდებით თავად თუ იცითო! მაგრამ ეს ასე არ არის, მითუმეტეს ჩემთვის, რომელსაც… რამდენიმე იარა მაქვს მარცხენა მტევანზე.
გამჭვირვალე წყალში კარგად ვხედავდი როგორ ჩაუარა გვერდი ტანჯულ გმირს რამდენიმე, ვერცხლისფერმუცლიანმა ნატიფმა თევზმა, თუმცა, ჩემთვის გასაოცარი გულგრილი გამომეტყველებით. მიუხედავად იმისა, რომ დილაზე ჯერ კიდევ „სისხამ“  შეიძლებოდა გვეთქვა, ამ არსებებს არც უფიქრიათ მადის აღმძვრელ საუზმეზე. საეჭვოა მაგრამ არაუშავს, ვიფიქრე, ჩემისთანა მხიარულ მდინარეში საქმიანი თევზებიც გამოჩენილან მეთქი, ალბათ წყალქვეშა სამყაროს ოფისი გახსნეს და გამომაპარეს, იფიქრეს ანკესით არ მოგვადგესო. ამ ფიქრებით ვირთობდი თავს, კორპის ტივტივა კი ამართლებდა თავის სახელს და ერთხელაც არ უფიქრია დაძირულიყო ფსკერისკენს. მზე უკვე ამოიწვერა და სხივებიც გაიმართნენ წელში, იმდენად რომ ჩალის ქუდისკენ მიბიძგეს. ჩემი ტივტივა და უკვე მერამდენე ტანჯული ჭია ანკესზე კი უშედეგოდ იცვლიდნენ პოზიციებს მხოლოდ მცირე ტალღების მოქმედებით. არავინ არ აპირებდა წყალქვეშა სამყაროში „გემრიელი ნუგბარით“ პირის ჩატკბარუნებას, მათ შორის არც გაუმაძღარი და მოუსვენარი ლიფსიტები ჩანდნენ სადმე, ადრე რომ თვალს ვერ შეასწრებდი, ისე შემოაცლიდნენ ანკესს სასუსნავს. იქვე წყალმცენარეებიდან მოზრდილი კიბორჩხალა გამოვიდა დინჯად და ისევ უკან შებრუნდა. მზე უკვე კარგად გაიმართა წელში და მცხუნვარე სხივები აათამაშა წყლის ზედაპირზე, ტივტივას პატარა, თვალებგადმოკარკლული ბაყაყი მიუსკუპდა მაგრამ გართობის საშუალება რომ არ მივეცი ისიც წყალმცენარეებში გაუჩინარდა. მომწყურდა, თან უშედეგო ლოდინიც მღლიდა, ჩემი მხიარული მდინარე თანდათან უსიცოცხლო მეჩვენებოდა, ფარ-ხმალს და ანკესს მაინც არ ვყრიდი. სხვა, მდორე დინებისკენ გადავინაცვლე და ახლა აქ მოვსინჯე მდინარის სიუხვე. ადრე ორივენი კარგად ვხალისობდით თევზების ანცობაზე და მეც სასიამოვნოდ დაღლილს მიმქონდა სახლისკენ „აბა, შენ იცი საღამოს შევწვათ!“
უკვე აბარგებას ვაპირებდი, დაღლილი და ხელცარიელი. ვიფიქრე დაღლას მაინც გავატან ტალღების ჩქაფუნს და, კამკამა წყალში გადავეშვი. ცოტახანს მარტო ცურვით ვიჯერე გული, იმედგაცრუებამაც თითქმის გადამიარა, ნაპირზე დავჯექი და მდორე დინების დაწმენდას დაველოდე რომ ისევ შევსულიყავი და წყალქვეშ ფერადი ქვები მეძებნა. ცოტა ხანში ჩემს კოლექციას სამკუთხა მწვანე კენჭი მივამატე და გასაშრობად მზის სხივებს მივეფიცხე. უცებ გამახსენდა რომ თუთა ყვაოდა და გაღმა ნაპირზე შავი თუთის მოზრდილი ხეც მეგულებოდა. ავკრიფე ჩემი ბარგი და ანკესი, პრეისტორიული ჭიებიც ქილის ტყვეობიდან წყალში გადავუშვი. მდინარეს ჩავყევი, კიბორჩხალების გაბრაზების თავიც არ მქონდა და თუთის ხისკენ გავეშურე. დიდრონი თუთის ტოტები ბუჩქებს გამოჰყურებდნენ, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და საუბარი შემომესმა: „ესენი ზევით დავიჭირეთ, ვედრო მომაწოდე… სახლში ნახე, ახლა არ არის ამის დრო…“ ბუჩქებიდან გადავიხედე და ვნახე, გაშლილ ტომარაზე როგორ ეყარნენ თევზები. ყველა ზომის რაც ჩემს მხიარულ მდინარეში დაცურავდა. მიმოვიხედე და იქვე ბადე შევნიშნე, ტარზე შიშველი სადენები იყო შემოხვეული… სპინინგი, თევზების ყველაზე საშიში მტერი. უცებ ნათელი გახდა რა დაემართათ თევზებს და რატომ იყო დღეს ჩემი მდინარე ასეთი… ისიც ბრაკონიერული უსინდისობის მსხვერპლი გახდა. უცებ ვერაფერი მოვიფიქრე, ამასობაში კი უცნობები ნელა აიბარგნენ და მანქანაში ჩასხდნენ. არაფრის შეცვლა არ შემეძლო, მხოლოდ იმის თქმა მინდოდა ვინმესთვის რომ ეს ადამიანები ვერასოდეს შექმნიან იმას რაც გაანადგურეს.
მდინარეს ჩამოვუყევი და სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი. გზაში არავინ შემხვედრია, შეიძლება შემხვდა მაგრამ არ მახსოვს.
სახლში მივედი, უგემურად ვისადილე. მუსიკა ჩავრთე, არ მინდოდა ვინმესთან მესაუბრა დღევანდელზე, იმიტომ რომ ვიცოდი საშინელი რეაქციით ვილაპარაკებდი.
მას შემდეგ გავიდა დრო, ხშირად ჩავდივარ ჩემს მდინარეზე, ანკესით თევზაობაც ძალიან მიყვარს და თევზაობის დროს ვფიქრობ, რომ ბუნება ყველაზე კარგი ადგილია რომელშიც ვცხოვრობთ.
ბუნების განადგურება სიცოცხლის დასასრულს ნიშნავს, ეს ჩემმა მხიარულმა მდინარემ მასწავლა.

ბექა ხარებავა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
16.06.2012წ.

 


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.