Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ფსიქიკური აშლილობები – შიზოფრენია

Filed Under (ფსიქოლოგია) by on 18-11-2011

Tagged Under : , , , ,

  ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები ყველა დროში არსებობდნენ. ძველად ანომალური ქცევა, სიგიჟე ავადმყოფობად არ განიხილებოდა. ითვლებოდა, რომ ადამიანში “ბოროტი სული” დამკვიდრდა და “მკურნალობაც” ამ დემონის დაწყნარებაში ან განდევნაში მდგომარეობდა, რაც მკაცრ და ხშირად სასტიკ მოპყრობას გულისხმობდა. მედიცინამ ფსიქიკური დარღვევები ავადმყოფობად მხოლოდ XVIII საუკუნეში სცნო.
ტრადიციულ კვალიფიკაციაში დაავადებათა რამდენიმე დიდი ჯგუფი გამოიყოფოდა, მათ შორის უმთავრესი ფსიქოზებისა და ნერვოზების გამიჯვნა იყო. ფსიქოზის დროს ავადმყოფი კარგავს რეალობასთან კონტაქტს, აღენიშნება ირაციონალური იდეები და დამახინჯებული აღქმა. ნევროზის შემთხვევაში ადამიანი იტანჯება, მაგრამ ინარჩუნებს რაციონალური აზროვნებისა და სოციალური ურთიერთობის უნარს.


შიზოფრენია ეს არის სერიოზული ფსიქოტური დარღვევების ჯგუფის საერთო სახელი, რომელიც ხასიათდება დეზორგანიზებული ან ბოდვითი აზროვნებით, დამახინჯებული აღქმით, არაადეკვატური ემოციებითა და ქცევით.
შიზოფრენია ფსიქიკური დარღვევების ფართო სპექტრს მოიცავს, მაგრამ პაციენტების უმრავლესობას ყველა დარღვევა არ აღენიშნება, რაც ყოველთვის სირთულეს უქმნიდა დიაგნოსტიკას, რადგან არ იყო დადგენილი, რამდენი და რა სახის სიმპტომები უნდა გააჩნდეს ადამიანს, რომ იგი შიზოფრენიით დაავადებულად ჩაითვალოს.
შიზოფრენიის უმთავრეს ნიშნად პიროვნების აზროვნების დეზინტეგრაციას ასახელებენ. ავადმყოფს დაკარგული აქვს უნარი შეინარჩუნოს აზრთა წყობა, არალოგიკურად გადადის ერთი მტკიცებიდან მეორეზე, რის გამოც მსჯელობა აფსურდულ სახეს იღებს. დარღვეულია აზროვნების ოპერატიული მხარეც. ე.წ. პარანოიალური შიზოფრენიის შემთხვევაში აზროვნება ბოდვის სახეს იძენს, აღმოცენდება რეალობასთან შეუსატყვისი წარმოდგენები და დასკვნები, რომელთა სიმცდარეშიც სუბიექტის დარწმუნება შეუძლებელია. ავადმყოფი ქმნის ბოდვის სისტემას და ამყარებს თავის ბოდვით რწმენას ერთ “ლოგიკურ კოცნებციაში” გაერთიანებული მსჯელობებით. ის ხშირად ჩართავს აღქმის სფეროსაც. აღენიშნება ილუზიები და ჰალუცინაციები. პაციენტს ეჩვენება, რომ ესმის სხვადასხვა ხმა, რომელიც აძლევს ბრძანებებს, აშინებს, ადანაშაულებს და ა.შ.
კატატონიური შიზოფრენიის დროს თავს იჩენს ქცევის მოტორული ფუნქციის თავისებური შეცვლა-დაწყებული გადაჭარბებული, ბობოქარი სამოძრავო აქტივობიდან, დამთავრებული სტუპორით-ერთ პოზაში ხანგრძლივი გაშეშებით.
დეზორგანიზებული შიზოფრენიის სიმპტომებია: უთავბოლო მეტყველება და ქცევისა და ემოციის შეუსატყვისობა. შიზოფრენიის ეს ფორმა ყველაზე მეტად წააგავს სიგიჟის გავრცელებულ სტერეოტიპს. ავადმყოფს შეუძლია უცებ ახარხარდეს ან ატირდეს.
ავადმყოფობას ზოგჯერ პერიოდული შეტევების ფორმა აქვს, მაგრამ დაავადებულები ცხოვრების დიდ ნაწილს სოციალურ იზოლაციასა და საკუთარ სამყაროში ჩაკეტილები ატარებენ.
ის რომ შიზოფრენიის აღმოცენებაში გენეტიკური ფაქტორი მონაწილეობს, ეჭვს აღარ იწვევს. ალბათობა იმისა, რომ მონოზიგოტური ტყუპი შიზოფრენიით დაავადდება, თუ მისი ტყუპისცალი ავადაა 50%-ს უტოლდება. დაახლოებით ასეთივე პერსპექტივა აქვს შიზოფრენიით დაავადებული მშობლების შვილსაც. ისევე როგორც სხვა ფსიქიკური თვისებების შემთხვევაში, მემკვიდრეობა არც შიზოფრენიას განსაზღვრავს ცალსახად. გარემოს უთუოდ მიუძღვის თავისი წვლილი, თუმცა ჯერ ვერ მოინახა თუნდაც ერთი ისეთი გარეგანი მიზეზი, რომელიც შეძლებს ამ დაავადების გამოწვევას იმათში, ვისაც არ ჰყავს შიზოფრენიით დაავადებული ნათესავი.


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.