Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ნაწილი 3. Ubuntu (Linux) – “ორი ნახევარსფეროს ბუნტი”

Filed Under (OS / Servers, იუმორი) by on 20-02-2011

Tagged Under : , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

 

კარგა ხნის გათენებული იყო როდესაც ატყდა რაღაც გაუგებარი ხმაურშეზავებული ჩოჩქოლი. ნელ-ნელა დაიწყო ჩემმა გონებამ "Hibernate" რეჟიმიდან გამოსვლა და აღმოჩნდა რომ ვიღაც გამალებით არახუნებდა ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს კარზე . ჯერ კიდევ ნახევრად ჩატვირთულმა მოქანავე გონებამ ავტომატურ რეჟიმში მიმაშურა კარისკენ. გზაში კითხვა ამომიტივტივდა რატომ ვიღვიძებ ისევ აქ – მარჯვენა ნახევარსფეროში?! მერე გამახსენდა რომ გუშინ გალაქტიკურ ოცნებებს ვხატავდი და ამ ლაბორატორიაში როგორც ჩანს კვლავ ჩამომეძინა.
– ჩაგეძინება აბა რა! აქ ხომ ყველა მოვლენის ან ობიექტის მოძრაობაშივე წარმოსახვა შესაძლებელია, თან არაა საჭირო მკაცრი მათემატიკური და ლოგიკური ფორმულების ჩამოყალიბება როგორც მარცხენა ლაბორატორიაში – "წავიბჟუტურე" ჩემთვის.

 

 

კარზე კი ისევ რახუნის და ზარის ხმა ერთად ისმოდა. როგორც იქნა მივედი. გამოვაღე. სტუმრად ვიღაც ინდიელის ხილვა იდგა, რომელსაც ხელთ უამრავი "ბეჭედგამოტარებული" საბუთი ეჭირა.

 

 

– რა დროს ძილია?! – უხეშად მომიგო მან და გაეშურა იქვე ჩემს მიერ ჯერ კიდევ გუშინდელი ოცნების სეანსისას დახატულ ლამაზ სკამ-მაგიდასთან.

– გამარჯობათ – აშკარად დაგვიანებით მოვახდინე რეაგირება დაუპატიჟებელი სტუმრის "მისალმებაზე". გადავხედე ჩემს "System Monitors" რომლის "ვიდჯეტი" გონების წარმოსახვით მაჯაზე მქონდა გამოტანილი. ინდიკატორებმა აჩვენა რომ უკვე 55%-ით იყო ოპერატიული მეხსიერება დატვირთული. შემდეგ გადავხედე უკვე მუშა და ჩატვირთული პროცესების რიგს. "ვინ არის ეს კაცი და რაუნდა ჩემგან?!" – შეკითხვა პირველივე პრიორიტეტულ პროცეში იჯდა დაუნდობლად მიირთმევდა მთელი ჩემი გონების 99%-ს.

 

 

– "ვსიო", როგორც იქნა ყველა საბუთი გავამზადე, ბეჭდებიანა და ხელმოწერებიანა შენი მარცხენა გამოთვლითი "ცეხიდან" – გამომწვევად შემაწყვეტინა აზროვნების აზომვითი სამუშაობი ინდიელმა, რომელიც უკვე კომფორტულად მოკალათებულიყო მაგიდასთან მდებარე ერთ-ერთ სკამში.

კარი მივხურე და გავეშურე მაგიდისკენ. პროცესებში უკვე პირველი გამოთვლითი პრიორიტეტი დაიკავა შეკითხვამ "რატომ მაინცდამაინც ინდიელის სახით?". მართალია მე უკვე მივხდი იმას თუ ვინ მეწვია. ეს იყო ლინუქსის დღესდღეობით ყველაზე პოპულარული და გაპიარებული დისტრიბუტივის – უბუნტუს წარმომადგენელი.

– არა გრცხვენია კაცო შენ? – ისევ შეწყვიტა ჩემი "მოვლენათა ანალიზი" სტუმარმა –  რაარი, ყველაზე პოპულარული დისტრიბუტივის განხილვა ასე უნდა დააგვიანო? ან იქნებ არ იცი რომ, მსოფლიოში დღეს ლინუქს დისტრიბუტივებში თავისი მიმდევრების რაოდენობით და პროგრამული თუ სისტემური უზრუნველყოფით N1 ჩვენ ვართ?! – დამცინავათ დაიტრაბახა მან.

– არა, ისა… მმ… ხომ იცით პატივცემულო ქართველების ამბავი. ჯერ ახლობელმა "კაცურად" მთხოვა "საქამელეონეთი" დამილოცეო და მერე კიდევ ნათესავებმა ხმას არ გაგცემთო თუ "ვარსკვლავებს არ მოწყვიტავოო" თორემ როგორ გაკადრებდით ამას –   ვეცადე მემართლა თავი უნიჭო ლეგენდით.

– კაი ახლა ნუ დამიწყებ ძმები გრიმების ზღაპრების მოყოლას. ჰე! ახლავე შეუდექი საქმეს ისედაც დაგიგვიანდა. ხო ხედავ მოვედი და თან ყველა საბუთიც(აბსტრაქტულ-ლოგიკური "ცეხიდან")  მიუთითებს იმაზე რომ ყველა ლოგიკით ახლა კი არა თავშივე უნდა გაგეკეთებინა ჩემი მიმოხილვა შენ. მარა სადღაა ის დრო პატივს რომ სცემდნენ ენთუზიასტ და ფილანტროპ ხალხს – უკმაყოფილოდ თქვა მან და მაგიდაზე უამრავ "ბეჭედდარტყმულ" საბუთთან ერთად დადო უბუნტუს ლოგოც.

 

 

– ახლავე პატივცემულო – ვთქვი მე და მაგიდის საპირისპირო მხარეს მდებარე სკამზე მოვთავსდი. -კი მაგრამ "ვოგანებით" ხომ არ გაივსო მარცხენა გამოთვლითი ცენტრი?!(მხ.ფილმიდან – "ავტოსტოპით გალაკტიკაში") გავიფიქრე მე, ამდენი რაოდენობით ბეჭდიანი საბუთები რომ დავინახე.

 

 

– ერთი რევიზიაა იქ ჩასატარებელი" – ამასობაში ფანქარიც ვიპოვე და მოვემზადე ინტერვიუს ბლოკნოტში ჩასაწერად.

 


 

– კარგით. მოდით დავიწყოთ თავიდან. რას ნიშნავს "უბუნტუ"? ეს რაიმე აბრევიატურაა თუ…

– "უბუნტუ" ზულუს და კოსას ენაბზე ნიშნავს "სხვების მიმართ ადამიანურ მიდგომას". ასევე "უბუნტუ" არის სამხრეთ აფრიკული ეთიკის და ჰუმანური ფილოსოფიის მიმართულება. რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ადამიანთა შორის ურთიერთობაში ლოიალობისა და ერთგულების გრძნობებს – შემაწყვეტინა სტუმარმა.

– ანუ "უბუნტუ" როგორც მიმართულება სამხრეთ აფრიკის ერთგვარი იდეოლოგიაა?

– არა, ის უფრო სამხრეთ აფრიკული რესპუბლიკის ძირითადი განმსაზღვრელი პრინციპია. მის დებულებებს ხშირად აბავენ "აფრიკული აღორძინების" იდეებთან.

 

 

– გასაგებია.  კიდევ რაიმე განსაზღვრება ხომ არ აქვს ამ საინტერესო ტერმინს?

– აქვს. თავის მხრივ 1999 წელს არქიეპისკოპოსმა დესმონდ ტუტუმ "უბუნტუს" ტერმინს მისცა შემდეგი განსაზღვრება:
"ადამიანს რომელსაც გააჩნია უბუნტუ, ღიაა და მისაწვდომია სხვებისთვის, მას შეუძლია მიიღოს სხვა ადამიანები და არ ხედავს საშიშროებას იმაში თუ სხვები არიან ნიჭიერნი და კეთილნი, ვინაიდან ის აბსოლუტურად დარწმუნებულია საკუთარ თავში, რადგანაც ხვდება რომ, ის არის ერთი დიდი სამყაროს ნაწილი. მაგრამ ამავე დროს უბუნტუს მქონე ადამიანი გრძნობს თავს დაჩაგრულად, როდესაც სხვებს აყენებენ შეურაყოფას, ჩაგრავენ ან აწაბენ".

 

 

– ჰმ, რა საინტერესოა…გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე: რა ბაზაზეა დაფუძნებული უბუნტუ? თუ მას აბსოლუტურად დამოუკიდებელი ბაზა აქვს Linux-ის ოპერაციულ სისტემის ბირთვზე?

– არა, დამოუკიდებელი ბაზა ნამდვილად არ აქვს. უბუნტუ დაფუძნებულია Debian ოპერაციულ სისტემაზე. 2004 წლის 20 ოქტომბერს. უბუნტუ იქმნებოდა როგორც Debian-ის დროებითი განშტოება. მიზნად კი ყოველ 6 თვეში ოპერაციული სისტემის ახალი  ვერსიის გამოშვება იყო დასახული. განსხვავებით Debian-ის სხვა განშტოებებისგან(Xandros. Linspire, Libranet) კომპანია Canonical-მა გადაწყვიტა Debian-ის ფილოსოფია გაეგრძელებინა და ჩართო უბუნტუში უფასო პროგრამული უზრუნველყოფა.

– თქვენ ახსენეთ კომპანია Canonical-ი, რა კავშირშია ის უბუნტუსთან? – გამოვიჭირე სიტყვაზე.

– ჰაჰაჰ, შენ მე მაოცებ. ნუთუ არ იცი რომ კომპანია Canonical არის დისტრიბუტივის მთავარი შემქნელი, დამმუშავებელი და სპონსორი?! თუმცა გეპატიება, შენ ხომ ახლად გადმოვარდნილი ხარ Microsoft-ის ფანჯრებიდან – მიკბინა მან.

 

 

– აა, დიახ, დიახ, გამახსენდა!  – უსინდისოდ ვიცრუე მე –  ისა და რამდენ ხანში ერთხელ გამოდის დისტრიბუტივის ახალი ვერსია და მისი განახლებები? – ვეცადე სხვა თემაზე სწრაფად გადახვევას.

– აქ ცოტა სხვანაირი სიტუაციაა სხვა ლინუქს დისტრიბუტივებთან შედარებით. თვითონ სტანდარტული დისტრიბუტივის ახალი ვერსია გამოდის ყოველ 6 თვეში და სისტემის უსაფრთხოების მხარდაჭერა თავისი განახლებებით 18 თვეს გრძელდება. მაგრამ ასევე არის დისტრიბუტივის LTS ვერსიაც – Long Term Support. რომელიც გამოდის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ და აქვს 3 წლიანი მხარდაჭერა. LTS-ს სერვერულ ვერსიას კი საერთოდ 5 წლიანი.

– მართლაც სხვაგვარადაა აქ საქმე – დავეთანხმე სტუმარს, მისი გულის მოგების მიზნით – მაშინ მოგვიყევით უბუნტუს პაკეტების ტიპის შესახებ, აქაც rpm პაკეტებია სოფტისთვის თუ რაიმე სხვა?

– რაო რაო?! RPM პაკეტებიღა გვაკლია, შენ დაგეტყო უყვე რომ ზედმეტად მოგიწია "საქამელეონეთის" დალოცვა "ვარსკვლავთცვენისას". უბუნტუს პაკეტები ძირითადათ ეფუძნება Debian-ის არასტაბილურ(unstable) DEB ტიპის პაკეტებს. დაყენებული პაკეტების მართვისთვის კი უბუნტუში გამოიყენება Advanced Packaging Tool რომელიც აღებულია იმავე Debian-ისგან.

 

 

– ანუ გამოდის რომ, უბუნტუსა და დებიანის პაკეტები ერთმანეთთან თავსებადია?

– უმეტესწილად კი. უბუნტუს ზოგიერთ პროგრამისტთა ჯგუფი ასევე დაკავებულია დებიანის საკვანძო პაკეტების შემუშავებით. ამიტომ თუ პროგრამა რომელიც აწყობის პროცესშია განიცდის ცვლილებებს, მაშინ ეს ცვლილებები შედის როგორც უბუნტუს ისე დებიანის პროექტებში.

– მოიცათ, თქვენ იმის თქმა გინდათ რომ 2005 წლის აპრილში Debian-ის დამაარსებელი იან მერდოკი სულ ტყუილად გაკრიტიკებდათ თქვენი და დებიანის პაკეტების არათავსებადობის გამო? – გავხსენი ჩემი პირველი კოზირი  და… შევატყვე რომ ის აშკარად არ ელოდა ამ შეკითხვას. სტუმარი ისე იყო ამ მომენტისთვის გათავხედებული რომ ჩემი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს ნეირონულ ჭერზე მარკერით რაღაცეებს "ჯღაპნიდა".

 

 

– ჰმმმმ….  თქვენ არცთუ ისე "ტყემალზე" სხედხართ ბატონო თურმე – "თქვენობით" მიმართვაზე გადმოვიდა ინდიელი. – დიახ 2005 წელს ჰქონდა ამ ინციდენტს ადგილი, მაშინ იანმა ისიც კი თქვა რომ უბუნტუ ზედმეტად დაშორდა Debian Sarge-ს რომ იყოს თავსებადიო. არ მინდა ამ თემაზე საუბარი, დღეს 2011-ია უკვე სხვათაშორის!

– კარგი. ვინ არის კომპანია Canonical -ის ზელმძღვანელი? – შევამსუბუქე შეტევა მე, ვიანიდან სტუმრის თავდაპირველი აგდებულობისგან ნაკვალევიც არ ჩანდა და ის უკვე მშვიდად იჯდა მაგიდასთან ზედმეტი მოძრაობის გარეშე.

– კომპანიის ხელმძღვანელი და ფაქტიურად უბუნტუს დამფინანსებელიც გახლავთ მარკ შატლვორტი.

 

 

– მოგვიყევით რაიმე Ubuntu Foundation-ის შესახებ.

– ჰმ… – გაიღიმა მან –  2005 წლის 8 ივლისს უბუნტუმ დააარსა Ubuntu Foundation ფონდი და უზრუნველჰყო 10 მილიონიანი სასტარტო ინვესტირება. თვითონ ფონდის მიზანია უბუნტუს მომავალი ვერსიების მხარდაჭერის და განვითარების გარანტირება. მაგრამ ჯერ-ჯერობით ფონდის დახმარება არ არის საჭირო. შატლვორტი ამას ხნის იმით რომ ეს ფონდი არის შექმნილი "შავი დღისთვისო".

– გასაგებია. რა სამუშაო გარემოს იყენებს უბუნტუ?

GNOME-ს. ხოლო ვისაც KDE გარემო ურჩევნია, იმას შეგვიძლია შევთავაზოთ დისტრიბუტივი KUBUNTU. რომლის ასევე ოფიციალური მხარდამჭერი კომპანია Canonical-ი გახლავთ. XFCE გარემო კი გამოყენებული გვაქვს XUBUNTU-ს დისტრიბუტივში. აქვე უნდა ავღნიშნო რომ, უბუნტუს 11.04 «Natty Narwhal» ვერსიიდან დაწყებული, რომელიც 2011 წლის აპრილში გამოვა, უბუნტუს სტანდარტული GNOME გარემო შეიცვლება Unity-თ. ხოლო შემდეგ ვერსიებში კი საერთოდ X.Org Server გრაფიკული სერვერი ჩანაცვლდება Wayland-ით.

 

 

– თვითონ უბუნტუს თუ ექნება რაიმე განშტოების მაგვარი? – დავსვი ბუნდოვანი შეკითხვა, ვინაიდან სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი: "კი მაგრამ თუ სამუშაო გარემოს შეცვლა მომინდება მთელი ოპერაციული სისტემა უნდა გადავაყენო?! რა მოუხერხებელია იგივე openSUSE-სგან ან Mandriva-სგან განსხვავებით სადაც იოლად შემიძლია სამუშაო გარემოს ცვლილება."

– ზუსტად ვერ გავიგე რა იგულისხმეთ. არის გეგმები უბუნტუს განშტოებაზე «Grumpy Groundhog» კოდური სახელწოდებით. სადაც იდეაში განვითარებისთვის და ტესტირებისთვის იქნება ორიენტირებული სისტემა.

– რას იტყვით უბუნტუს თავისებურებებზე?

– საერთოდ უბუნტუ ორიენტირებულია გამოყენების სიმარტივესა და მოხერხებულობაზე. სისტემის მუშაობისთვის საჭიროა 256 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებისა და დასაყენებლად ითხოვს 4 გეგაბაიტ თავისუფალ სივრცეს მყარ დისკზე(ვინჩესტერზე).

– რავიცი, რავიცი, მე 3 GB RAM და 100 GB თავისუფალ სივრცეზე დავაყენე ეს სისტემა. თუმცა საკმაოდ ხშირად 10-15 წამიანი "მკვდარი"(ამსოლუტურად არაფერზე რეაგირებდა სისტემა) ჭედვები შევნიშნე. ამაზე რას იტყვით? – ვეღარ გავძელი და პირდაპირ მივახალე.

– არა რას ბრძანებთ! ეტყობა თქვენთან რაღაც სხვა პრობლემა იყო!

– ნუ დავუშვათ -"რატომღაც არცერთ სხვა ოპერაციულზე საერთოდ არ იყო ეგეთი პრობლემა ახლოსაც" გავიფიქრე და შემდეგი შეკითხვა დავსვი – როგორც ვიცი 10.04 ვერსიიდან უბუნტუს ინტერფეისზე განხორციელდა სისტემის მთლიანი რებრენდინგი.

– დიახ, მართლაც 10.04 ვერსიიდან შეიცვალა ლოგოტიპი. ფერთა გამა ნარინჯისფერ-ყავისფრიდან შეიცვალა მოშავო-იისფერისკენ. უბუნტუს ვერსიებს გააჩნია დამატებითი პაკეტი სახელად ubuntu-calendar, რომელსაც შეუძლია ახალი თემების ჩატვირთვა.

 

 

– ჰო, მახსოვს. უწინ ამ ფონებზე ზოგჯერ შიენიშნებოდა ნახევრადშიშველი ხალხი და საზოგადოებაში უკმაყოფილებასაც იწვევდა…

– ჰაჰაჰა…დიახ, დიახ. რაღაც პერიოდში გაჩნდა ზედმეტსახელიც კი – "LinuXXX"… – დამასწრო აზრის დამთავრება მან.

– კარგით, მაშინ დროა გადავიდეთ რელიზებზე.

– კი, ბატონო – სტუმარმა ამოიღო ჯიბიდან ცხრილი და გამომიწოდა – აქ ყოველ რელიზს აქვს კოდური სახელწოდება, რომელიც დამოკიდებულია გამოშვების წელზე და თვეზე. კოდური სახელწოდება შედგება 2 ნაწილისგან. სადაც ერთ-ერთი არის რაიმე ცხოველი, ხოლო მეორე სიტყვა კი აღწერაა ამ ცხოველის. 6.06 Dapper Drake (LTS) ვერსიიდან დაწყებული კოდური სახელწოდების პირველი ასოები იცვლება ლათინური ალფაბეტის მიხედვით.

 

ვერსია გამოშვების თარიღი კოდური სახელწოდება კოდური სახელწოდება ქართულად მხარდაჭერის ბოლო ვადა
4.10 20.10.2004 Warty Warthog ?! 30.04.2006
5.04 08.04.2005 Hoary Hedgehog ჭაღარა ზღარბი 31.10.2006
5.10 13.10.2005 Breezy Badger მხიარული მაჩვი 13.04.2007
6.06 LTS

01.06.2006

10.08.2006

26.01.2008

Dapper Drake კოხტად გამოწყობილი მამალი იხვი

14.07.2009(დესკტოპებისთვის)

2009 წ. ივლისი(სასერვერო)

6.10 26.10.2006 Edgy Eft სულსწრაფი ტრიტონი 25.10.2008
7.04 19.04.2007 Feisty Fawn გაბედული შველი 19.10.2009
7.10 18.10.2007 Gutsy Gibbon ვაჟკაცი გიბონი 18.04.2009
8.04 LTS

24.04.2008

03.07.2008

22.01.2009

16.07.2009

28.01.2010

Hardy Heron გამძლე წერო

2011 წ. აპრილი(დესკტოპებისთვის)

2013 წ. აპრილი(სასერვერო)

8.10 30.10.2008 Intrepid Ibex უშიშარი თხის რქა 30.04.2010
9.04 23.04.2009 Jaunty Jackalope  – ?! 23.10.2010
9.10 29.10.2009 Karmic Koala კარმისეული კოალა 2011 წ. აპრილი
10.04 LTS

29.04.2010

17.08.2010

Lucid Lynx მიხვედრილი ფოცხვერი

2013 წ. აპრილი(დესკტოპებისთვის)

2015 წ. აპრილი(სასერვერო)

10.10 10.10.2010 Maverick Meerkat თავისუფლად მოაზროვნე მანგუსტი 2012 წ. აპრილი
11.04 28.04.2011 Natty Narwhal კოხტა ნარვალი 2012 წ. ოქტომბერი

 

გეგმაშია / მიმდინარეობს დამუშავება მიმდინარე ვერსია მხარდაჭერაშია მხარდაჭერაშია მხოლოდ სერვერული ვერსია არ არის მხარდაჭერაში

 

– ძალიან კარგი, ეს ინფორმაციაც მივიღეთ. აქვს თუ არა უბუნტუს პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტებს რაიმე კლასიფიკაცია?

– დიახ, უბუნტუში მთელი პროგრამული უზრუნველყოფა იყოფა 4 სექციად, რომელთაც უწოდებენ კომპონენტებს – რათა განასხვავონ ისინი ერთმანეთისგან ლიცენზირების და მხარდაჭერის დონეზე – და მან ისევ გამომიწოდა ფურცლის მეოთხედი, რომელზეც იყო ასახული შემდეგი პატარა ცხრილი.

 

  თავისუფალი პრორამული უზრუნველყოფა არათავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა
აქვს მხარდაჭერა Main Restricted
არ აქვს მხარდაჭერა Universe Multiverse

 

– და უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ აგვიხსენათ ამ კომპონენტების არსი?

– რათქმაუნდა, Main  და Universe შეიცავს ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც პასუხობს უბუნტუს ლიცენზიის მოთხოვნებს, რომელიც თავის მხრივ დაახლოებით შეესaბამება დებიანის თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის პრინციპებს. მაგრამ აქ არის ერთი გამონაკლისი Main პაკეტისთვის. ეს პაკეტი შეიძლება შეიცავდეს "Firmware"-ს ორობითი ფაილების სახით და ასევე გამორჩეულ შრიფტებსაც, რომლებიც მხარდაჭერილ პროგრამულ უზრუნველყოფაში გამოიყენება და მათში რაიმე ცვლილების განხორციელება ნებართვის გარეშე არ შეიძლება, სანამ მათ თავისუფალი გავრცელების სტატუსი აქვთ მინიჭებული. ეს გაკეთებული იმისათვის რომ, Main და Restricted შეიცავდნენ მთელ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც საჭიროა Linux სისტემაში ძირითადი ოპერაციებისთვის. ხოლო ალტერნატიული პროგრამები იგივე ამოცანებისთვის  მოთავსებულია Universe და Multiverse-ში.

– შეგიძლიათ მაგალითი მოიყვანოთ თუ რანაირ არათავისუფალ პროგრამულ უზრუნველყოფაზეა საუბარი?

– საერთოდ არათავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა არ ჯდება უბუნტუს მხარდაჭერაში, მაგრამ ზოგიერთი გამონაკლისიც არის (Restricted-ში). ეს ისეთ მნიშვნელოვან უზრუნველყოფაზეა საუბარი, როგორებიცაა მოწყობილობების დრაივერები, რომელთა არ ქონის შემთხვევაში მომხმარებლებს შეექმნებათ პრობლემები უბუნტუსთან მუშაობისას. განსაკუთრებით ეს ეხება ვიდეოკარტების დრაივერებს მაგალითად nVidia ან ATI.
"პროპრიეტარული"(პროგ.უზრუნ. რომელზეც არის საავტორო უფლებები და არ ეკუთვნის თავისუფ. პროგ. უზრუნ.) პროგრამული უზრუნველყოფა ჩართულია Multiverse რეპოზიტორიუმში(პაკეტების საცავში – მოკლედ რომ ვთქვათ)რომლის გავრცელებაზეც არ არის შეზღუდვა. მაგალითად Multiverse შეიცავს "ubuntu-restricted-extras" პაკეტს, რომელშიც შედის შემდეგი "პროპრიეტარული" კრებული : მულტიმედიის კოდეკები, Flash-პლაგინი, JRE(Java Runtime Enviroment) და Windows შრიფტების კრებული.

– არის ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც არ ვრცელდება უნბუნტუსთან ერთად?

– დიახ, მაგალითად ისეთი რომელიც საშუალებას გვაძლევს CSS-ის გაშვებას "სკრემბლირებული" ვიდეო DVD ფაილებში. ასეთი სპეციფიური პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების მოძიება შესაძლებელია არაოფიციალურ რეპოზიტორიუმში – Medibuntu.

– გასაგებია. დღეს პროგრამების უზარმაზარი "ევერესტებია" ინტერნეტში განთავსებული. მე მაინტერესებს არის თუ არა რაიმე "უტილიტა" რომელიც რაიმე პროგრამას, რომელიც ჩვენ მოგვეწონა დავუშვათ, დააყენების და დაკონფიგურირების ავტომატიზაციას მოახდენს?

 

 

– არის ასეთებიც. არაოფიციალური "უტილიტები", რომლებიც ოფიციალურად არ მოყვება უბუნტუს. ესენია: EasyUbuntu, Automatix. ასევე კომპანია Canonical-ს გააჩნია სპეციალური რეპოზიტორიუმი სახელად Partner, რომელსაც გააჩნია სპეციფიური სერტიფიკაციის სისტემა. აქ თავმოყრილია გარე პროგრამული უზრუნველყოფა რომელზეც კომპანიამ მიიღო გავრცელების უფლება. დღეისთვის ეს რეპოზიტორიუმი შეიცავს: Adobe Reader. Adobe Flash Player, Oracle Java, Skype და რამდენიმე კიდევ სხვა პაკეტს.

 

 

– ესეც ასე თუ ისე გასაგებია. მოდით ვისაუბროთ უბუნტუს დისტრიბუტივის სხვადასხვა "ვარიაციაზე". მოგვიყევით დაწვრილებით ამ მხრივ რა სიტუაციაა.

– სიამოვნებით. უბუნტუს მარკის წესებისდა მიხედვით, აღიარებულია დისტრიბუტივების 2 სახის "ვარიაცია", რომლებიც დაფუძნებულია უბუნტუზე.
1. დისტრიბუტივი, რომელიც დაფუძნებულია უბუნტუზე. დისტრიბუტივს აქვს შესამჩნევი განსხვავება ორიგინალისგან. მხარდაჭერილია მხოლოდ ისინი რომლებსაც Canonical-მა მისცა მხარდაჭერის სტატუსი. სხვებზე კი Canonical-ი არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა უბუნტუსთან თავსებადობის გარანტიას.
2. უბუნტუს "რემიქსი"(Ubuntu Remix): დისტრიბუტივი, რომელიც დაფუძნებულია უბუნტუზე და არ აქვს არსებითი განსხვება ორიგინალისგან. განსხვავება მხოლოდ პროგამების კრებულში და სხვადასხვა პარამეტრის კონფიგურაციაშია. აუცილებელი მოთხოვნა აქ არის უბუნტუსთან სრული თავსებადობა, ოფიციალური პაკეტების გამოყენება უბუნტუს რეპოზიტორიუმიდან, დისტრიბუტივის არაკომერციული ხასიათი და ა.შ. ასევე დისტრიბუტივის კრებულში ყოველთვის ფიგურირებს სიტყვა უბუნტუ. ზუსტი ჩამონათვალი თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თქვენს "ნეირო-ჭერზე" – ისევ დამცინავი განცხადებების რეჟიმს დაუბრუნდა სტუმარი.

მართლაც, ავიხედე ზემოთ და ის რაც მეგონა სტუმრის ვანდალურ "ნაჯღაპნად" წარმოსდგა როგორც მორიგი საინფორმაციო ცხრილი:

 

დისტრიბუტივი აღწერა გრაფიკული გარემო
Kubuntu დისტრიბუტივი KDE სამუშაო გარსით. ოფიციალურად Canonical-ის მხარდაჭერაშია KDE
Xubuntu დისტრიბუტივი XFCE სამუშაო გარსით(სუსტი კომპიუტერებისათვის). ოფიციალურად Canonical-ის მხარდაჭერაშია Xfce
Gobuntu უბუნტუს დისტრიბუტივი, რომელიც შეიცავს მხოლოდ თავისუფალ კომპონენტებს. ოფიციალურად Canonical-ის მხარდაჭერაშია. ამ მომენტისთვის პროექტი დახურულია. GNOME
Edubuntu სასწავლო დაწესებულებებისთვის შექმნილი .დისტრიბუტივი. ოფიციალურად Canonical-ის მხარდაჭერაშია  
Ubuntu Studio მედია სტუდიების ორგანიზებისთვის შექმნილი დისტრიბუტივი. ოფიციალურად Canonical-ის მხარდაჭერაშია GNOME
სასკოლო ლინუქსი დისტრიბუტივი Kubuntu-ს ბაზაზე. შექმნილია "განათლების სისტემის ინფორმატიზაციის" პროექტის ჩარჩოებში KDE
CruchBang დისტრიბუტივი რომელიც შექმნილია უბუნტუს მინიმალური ინსტალაციის ბაზაზე. შექმნილია სისტემის სწრაფქმედებისა და ფუნქციონირების ოპტიმალური შეზავების მიზნით. ამჯამად გადავიდა Debian GNU/Linux პაკეტების ბაზაზე Openbox
Aurora დისტრიბუტივი რომელიც შექმნილია ASUS EEE PC-სთვის  
Fluxbuntu გამოიყენებს GNOME გრაფიკული გარსის მაგივრად ფანჯარათა მენეჯერს Fluxbox. იდეალურია სუსტი კომპიუტერებისთვის Fluxbox
Linux Mint უბუნტუზე დაფუძნებული დისტრიბუტივი. გამოირჩევა წინასწარ ჩაწერი მედია კოდეკების რაოდენობით, ასევე წინასწარ დაყენებულია Flash და Java სხვადასხვა
nUbuntu დისტრიბუტივი ქსელური უსაფრთხოების ანალიზისთვის  
OpenGEU უბუნტუს ვერსია, რომელიც გამოიყენებს Enlightenment ფანჯარათა მენეჯერს Enlightenment DR17
Runtu რუსეთის დისტრიბუტივი სხვადასხვა
Ubuntu Russian Remix საოფისე და საშინაო კომპიუტერებისთვის შექმნილი რუსულენოვანი უბუნტუს ნაკრები GNOME
Ulteo დამუშავების პროცესშია KDE
Lubuntu სწრაფი და მჩატე დისტრიბუტივი, გააჩნია DE. დამუშავების პროცესშია LXDE
U-lite სწრაფი და მჩატე დისტრიბუტივი,არ გააჩნია DE. დამუშავების პროცესშია Openbox
Sabily დისტრიბუტივი მუსულმანური რელიგიის მქონე საზოგადოებისთვის, გააჩნია სპეციფური სოფტი, აუდიო და გაფორმების თემები GNOME

 

– შთმბეჭდავი სიაა… მაშინ ასეთი შეკითხვა: ხშირად მესმის სხვადასხვა IT მომხმარებლისგან თუ სპეციალისტისგან რომ, მსოფლიო მასშტაბით 99% ორგანიზაციებისა და უბრალო მომხმარებლებისა იყენებს მაიკროსოფტის პროდუქციას…

– სიცრუეა! – შემაწყვეტინა საუბარი აღელვებულმა ინდიელმა –  99% ნამდვილად გადაჭარბებული ციფრია! თვითონ იმსჯელეთ შემდეგი მაგალითებიდან: 2007 წელს საფრანგეთის პარლამენტმა უარი თქვა Windows XP-ს გამოყენებაზე და გადავიდა უბუნტუს სრულ მოხმარებაზე. ხოლო 2008 წელს  საფრანგეთში გახმოვანდა დადგენილება რომლის თანახმადაც ფრანგული პოლიციის 70 000 კომპიუტერი უნდა გადასულიყო უბუნტუს ოპერაციულ სისტემაზე. ესპანეთში 2008 წელს წარმოებული პროგრამის თანახმად კი საგანმანათლებლო სტრუქტურებმა მიიღეს 400 000 უბუნტუს ოპერაციული სისტემის მქონე კომპიუტერით. 2010 წელს  ფინეთის ასამდე სკოლა გადაყვანილ იქნა თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაზე, ოპერაციული სისტემად კი იყენებენ ისევ და ისევ უბუნტუს.

– ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენ საქართველოში ვართ და საინტერესო იქნებოდა თუ არის რაიმე ძვრები ჩვენს მიმართულებით.

– დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ არის. საქართველოს და მაკედონიის სკოლებში 180 000 კომპიუტერი იქნა უბუნტუს ოპერაციულ სისტემაზე გადაყვანილი.

– ამდენი რაოდენობით?! – "რაღაც არ შემინიშნავს ჩვენს სკოლებში მასიური უბუნტიზაცია" გავიფიქრე და გავაგრძელე  –  რაიმე ცნობილი ორგანიზაცია თუ იყენებს უბუნტუს?

Google-ს თანამშრომლები იყენებენ მთავარ სამუშაო ოპერაციულ სისტემად Goobuntu-ს. ასევე უბუნტუ გამოყენებული მთავარ სასერვერო ოპერაციულ სისტემად "ვიკიპედია"-შიც.

 

 

– ჰომ, ეგ ნამდვილად არ ვიცოდი. კარგით, თქვენი გაანგარიშებით რამდენი მომხმარებელი ჰყავს დღედღეობით უბუნტუს მსოფლიო მასშტაბით?

– 2009 წლის ნოემბრის მონაცემებით ჩვენ გვყავს 12 მილიონი მიმდევარი.

– როგორც გავიგე კომპანია Canonical-ი უფასოდ აწვდის მსურველებს დისტრიბუტივის შემცველ დისკებს.

– დიახ, თქვენ შეგიძლიათ უფასოდ დაუკვეთოთ უბუნტუს დისტრიბუტივი ფოსტით. კომპანია თავის თავზე იღებს ყველა სახის ხარჯებს, მათ შორის მიწოდების თანხებსაც და საბაჟო გადასახადსაც. შეკვეთების მიღება ახალი რელიზის ერთი თვით ადრე გამოსვლამდე ხდება და როგორც კი ახალი ვერსია საბოლოოდ გამოშვებულ იქნება, ის პირველივე პარტიით იგზავნება შემკვეთებთან. მიწოდება ხდება 4-6 კვირის განმავლობაში.

– უფასო მიწოდება?! ჩემი აზრით ეს ნამდვილად კარგი სვლაა კლიენტების მოსაზიდად. კარგით, მაშინ კიდევ რაიმეს ხომ არ დაამატებდით ზემოთ მოწოდებულ ინფორმაციას? თორემ ძალიან გაგვიგრძელდა საუბარი.

– დავამატებ! უბუნტუს 10.10 Maverick Meerkat ვერსია ოფიციალურად იყო გამოშვებული 10.10.10-ში(2010 წლის 10 ოქტომბერს). ჰოოოდა, რომ გადაიყვანოთ 101010 ორობითი ათვლის სისტემიდან ათობით ათვლის სისტემაში, მიიღებთ 42-ს. ეს რიცხვი კი არის სამყაროს, დროისა და სივრცის სიძლიერით N2 კომპიუტერის საბოლოო პასუხი შეკითხვაზე: თუ რისთვისაა შექმნილი სამყარო, სიცოცხლე და ყოველივე დანარჩენი( მხ.ფილმიდან – "ავტოსტოპით გალაკტიკაში"). ამ ფილოსოფიურ შეკითხვაზე პასუხს სამყაროს(და დანარჩენის) სიძლიერით N2 კომპიუტერი ითვლიდა 7 მილიონი წელი. ასევე ამ შეკითხვაზე პასუხს 7 მილიონი წელი მოთმინებით ელოდა სამყაროს ყველა ცივილიზაცია. რაოდენ გაკვირვებულები დარჩნენ ისინი პასუხით "42" თქვენ თვითონ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. უბუნტუს დამმუშავებელმა პროგრამისტემა კი სპეციალურად დაამთხვიეს 10.10 რელიზის გამოშვების ვადა ამ "მაგიურ" ციფრს ან… უბრალოდ შეიძლევა სილამაზისთვის გააკეთეს ეს. ამიტომ ხალხნო გამოიყენეთ უბუნტუ! ჩვენ მაგიური კავშირებიც გაგვაჩნია! – სიცილით მომიგო მან.

 

 

აქ როგორც იქნა მივხდი, რომ გამაშაყირეს. თუმცა საკმაოდ ორიგინალურადაც, ვინაიდან მართლაც ასეთი მოვლენები ხდება იმ მხატვრულ ფილმში. არ შევიმჩნიე ჩემი გაბითურება და კონტრშეტევას ვეცადე – პატივცემულო იქნებ დაანებოთ ლოზუნგებს  და თქვენი პროდუქტის ამდენ გაპიარებას თავი, და იქნებ მიხედოთ ელემენტარულ ნიუანსებს: მაგალითად იგივე სისტემურ "ტრეიში" ხან საათი, ხან კიდევ სხვა "იკონი" ჩემთან ხშირად ქრება აბსოლუტურად დამოუკიდებლად, ასევე "მკვდარ" ჭედვაზეც უკვე მოგახსენეთ, მონიტორის ეკრანის სიკაშკაშე კი სანამ მიუვალში მდებარე სპეციფიურ "ოპციებში" არ მივუთითე ვერა და ვერ დაიმახსოვრა თქვენმა უბუნტუმ ახალ-ახალი ჩატვირთვებისას. ეს ხომ ელემენტარული მცირე პრობლემებია(რომელიც სერიოზულად მოქმედებს ნერვებზე), რომელიც დიდი ხანია იგივე ვინდოუსში გადაწყვეტილია… – უკვე კარის გასასვლელთან  ვყვიროდი მე, თუმცა დაუპატიჟებელი სტუმარი უკვე სწრაფი ტემპებით ტოვებდა ჩემს ლოგიკურ-აბსტრაქტული და პროცესულ-წარმოსახვითი ლაბორატორიების ადგილმდებარეობას.

 

დავიხედე წარმოსახვით მაჯაზე განთავსებულ "ვიდჯეტზე" და მოვიძიე სისტემური პროცესების ნუსხა.  იქ პირველ პრიორიტეტულ გამოთვლით პროცესად ისევ ჩანდა შეკითხვა: "რატომ მაინცდამაინც ინდიელი?!". – რავიცი ერთი ფუჰ, ალბათ უბუნტუ იწვევს ჩემში ინდიელის ასოციაციას. ასე ვხედავ და "ვსიო"! – გაბრაზებულმა მივაჯახუნე კარი, რომელზეც გარედან უბუნტუს ოფიციალური ვებ-საიტის მისამართი ისევე იყო მიზლაზნული, როგორც "გპი"-ს მე-6 კორპუსის სართულებსშორისო უგემოვნო წარწერები.

 

http://www.ubuntu.com/

 


 

რა დასკვნების გამოტანა შემიძლია?! ერთის მხვრივ როგორც იტყვიან მარცხენა ლოგიკურ-აბსტრაქტული ლაბორატორიის დასკვნითაც და უბრალოდ რომ ვთქვა ლოგიკური მსჯელობით – უბუნტუ არის ვინდოუსის ერთადერთი(?!) სერიოზული კონკურენტი.

 

პლიუსებში:

  • სასიამოვნო ფერების გამა
  • უფასო და რეგულარული განახლებები
  • მცირე სისტემური მოთხოვნები(თუმცა იგივე openSUSE-სთან და Mandriva-სთან შედარებით მეტს "ჭამს")
  • ანტივირუსის არასაჭიროება
  • კარგი პაკეტების მენეჯერი(Synaptic)

 

 

  • მძლავრი მხარდამჭერი საზოგადოება(მთავარი პლიუსი!)
  • უამრავი უფასო სოფტი
  • კომპანია Canonical-ის ფინანსური სტაბილური ფონდი("დაჟე შავი დღისთვის")
  • დანარჩენი ლინუქსების საერთო პლიუსები("ნავაროჩენი" კონსოლი, სისწრაფე, ეფექტები)

მაგრამ მეორე ლაბორატორიის ინტუიციის დასკვნის მხრივ?!

 

მინუსებიდან:

  • აბსოლუტურად სულელური მცირე პრობლემები(რომლებმაც ასევე აბსოლუტური სერიოზულობით იმოქმედა ნერვებზე და ამ ეტაპისთვის უარი მათქმევინა უბუნტუს აქტიურ გამოყენებაზე)
  • აშკარად საგრძნობი ზედმეტი პიარი და ეიფორია.
  • სამუშაო გარსთა(ან გარემოთა) ცვლილების რთული ორგანიზება(მაგ. თუ უბუნტუში მომბეზრდა GNOME და მომინდა KDE-ზე გადასვლა,  მაშინ ნუთუ მთელი სისტემა უნდა გადავაყენო?! ანუ Kubuntu-ზე გადავიდე ან სხვა დისტრიბუტივზე?! და პირიქით…)
  • უბრალო მომხმარებლისთვის ასათვისებლად მაინც რთული გარემო(მაგ. ავიღე წიგნი უბუნტუზე. ნელ-ნელა მივიწევდი წინ ამ სისტემის შესწავლაში, სანამ ერთ-ერთ თავში არ იყო ნაჩვენები "მონტირებული" საქაღალდეების შემოწმების იდეაში სტანდარტული პროცედურის განხორციელება კონსოლიდან. მე გაბადრული სახით აღვასრულე ეს ბრძანება და… რაჭირს სისტემას?! რატომ გაქრა მენიუები, ფანჯრები?! მოიცა უცებ გადავტვირთოთ, ვის არ მოსვლია. (1 წუთის შემდეგ) რაო?! არ იტვირთება?? "ბუუტ" სექტორს ვერ პუოლობს??? მოიცა კაცო ეს წიგნში არ ეწერა როგორც სტანდარტული არასახიფათო ოპერაცია?! რაშია საქმე კიმაგრამ? საიდან აღვადგინო?! რა უბედურებააა????? მომატყუეს!!!!!!! დედიკოო … :)))))  )

 


 

არვიცი რაა, მართლა რაღაც ტვინის ორი ნახევარსფეროს ბუნტს დაემსგავსა ეს ყველაფერი…  – ამ სიტყვებით ავიღე ფანქარი და ბლოკნოტში უბუნტუს ვუბოძე შემდეგი შეფასება.

 

 

ვფიქრობ მიუხედავად ბევრი პიარისა უბრალო მომხმარებლისთვის ჯერ არაა მზად ეს უთუოდ პერსპექტიული ოპერაციული სისტემა,.ჯერ დაღვინდეს. საერთოდ სიმართლე რომ ვთქვა მეტს ველოდი უბუნტუსგან. თქვენ არვიცი და პირადად მე დაველოდები ახალი 11.04 ვერსიის გამოსვლას.

ახლა კი საკმარისია ფილოსოფია, წავედი კუჭს მივხედო, სანამ იმანაც ბუნტი არ მომიწყო. მისი გადაკიდება ნადვილად : "FATAL ERROR"-ის ან "KERNEL PANIC"-ის ტოლფასი იქნება 😉


Comments:

2 Responses to “ნაწილი 3. Ubuntu (Linux) – “ორი ნახევარსფეროს ბუნტი””


  1. ალბათ წინ ვუსწრებ მოვლენებს, მაგრამ თუ შეიძლება წინასწარი ინფორმაციით, windows 7 რა ნიშანს უწერ შენი შკალით???

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 5 Thumb down 0 (+5)


  2. ჰეჰ “Секрет фирмы!” 😛

    Well-loved. Like or Dislike: Thumb up 5 Thumb down 0 (+5)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.